Monthly Archives: ოქტომბერი 2012

* * *

არეულები, დაბნეულები, 

სილურჯიდან გამოქცეული ნაწამები სულები

ჩამოასახლეს ამ უფერულ სამყაროში,

სადაც არ არის ხსნა,

სადაც ანგელოზები იქცევიან დემონებად და არასდროს ხდება პირიქით.

გაწამებული სულები

ჯგუფ-ჯგუფად მიემართებიან ხიდებისკენ,

ყველა ღმერთმა ერთდროულად მიატოვა ქალაქი

(პროტესტის ნიშნად)

და დუმილი კივის

და ახშობს ყველანაირ ხმას

და ლეწავს მინებს,

სისხლი ხეთქავს ვენებიდან

და წყდება ნერვები ლარივით,

ნიაღვრებად მოედინებიან ფერადი ოცნებები

უერთდებიან ერთმანეთს… ირევიან..

და ემსგავსებიან ნაწვიმარ სოფლის მდინარეს.

სასოწარკვეთა მსხვერპლად ბედნიერებას ითხოვს

და შენ უძლური ხარ… დაღლილი…

აჩრდილი ხარ საკუთარი პიროვნების

შენს საკუთარ ცხოვრებაში მოჩვენებად იქეცი.

დაიძახო სიტყვა “მიშველეთ”

გვიანია…

რადგან, ზოგჯერ, უბრალოდ ვეღარ დაეწევი დროს

მდინარეს, რომელიც შეუერთდა უძირო წყლებს…

ზოგჯერ, უბრალოდ მართლა ამაოებათა ამაობაა ეს ცხოვრება, სოლომონ …

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

ფოთოლივით ხუნდება ოცნება, 

როცა მას ფიქრს ვაკლებთ (ანუ მზეს)…

სიტყვებს ეკარგებათ ფასი,

როცა აზრს ვაკლებთ…

არ არსებობს თავისუფლება ფრთების გარეშე…

მაგრამ არ არის აუცილებელი ფრთები ჩანდეს.

სხეულს ეკარგება აზრი სულის გარეშე…

მაგრამ არც სული ჩანს.

მთელი ცხოვრება თიხასავით ვძერწავთ საკუთარ თავს…

ზამთარს ეკარგება აზრი თოვლის და ხელთათმანების გარეშე…

არ არსებობს შავ-თეთრი ცისარტყელა…

ღმერთს ბანალურობით ვკლავთ…

ერთხელაც გზას დაადგება კაცი…

გზები უსასრულოა…

ისინი ერთმანეთს კვეთენ…

ადამიანებიც კვეთენ ერთმანეთს 

და ბოლოს მაინც მარტო რჩებიან

…სამყარო მუდმივად მოძრაობს….

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

…დაიჭირე ეს წამი…

მოძრაობის მსგავსი უმოძრაობა…

გზები მარჯვნივ და მარცხნივ….

ბილიკები მწვერვალებისკენ

ადამიანი გზებზე…

ხედი ზევიდან….

ჭიანჭველებივით ირევიან სხეულები…

სიზმრები ღამე… ბუნდოვანი სახეები,

ფერები არამკვეთრი…

დილის ნოტიო ჰავა,

ბედნიერების არომატი ჰაერში

და სივრცეები უკიდეგანო..

უკიდეგანო, როგორც ოცნებები

მიდიან და მოდიან ადამიანები,

იცვლებიან სახეები,

იცვლება დრო,

იცვლება ნიღბები

და თეატრია მთელი ცხოვრება:

ხან დრამაა, ხანაც კომედია,

თუმცა ხანდახან დრამაც კომედია ხდება…

მზე ბედნიერების სხივებს აფრქვევს

და არაფერია სოფლის დილაზე მშვიდი

და შენც მშვიდი ხარ ამ დროს

და არ არსებობს არაფერი

გარდა იმისა, რომ არის დილა და ხარ შენ?!

ნაფაზი მკვეთრი… თითქოს ბედნიერება გულის გულში ჩადის

შემდეგ ბრუნდება უკან და… სერავენ სხივები…

არსებობს მუსიკა, როგორც ცხონება

და მაცხოვნებელი ადამიანი…

მძაფრი შეგრძნება იმისა, რომ ხარ ადამინი

ცხოვრებაში სიყვარულივით იშვიათია…

შენი ერთი ამოსუნთქვა და გაღიმება

ზოგჯერ სამყაროზე მეტია…

…თანმიმდევრულად ყვითლდებიან ფოთლები,

თანმიმდევრულად ბნელდება ადრე,

თანმიმდევრული სიცივე მოდის ნელა ნელა,

ხანდახან ხეებივით შიშვლდება სული,

ხანდახან ადმიანი სუნამოს სუნივით აფრქვევს ბედნიერებას

და ამ გამუდმებულ ქაოსში

ციცინათელასავით მოდის ბედნიერება

და “ადამიანი ადამიანთა შორის მარტო”

მთელი არსებით ერწყმი სამყაროს…

საა, დაიჭირე ეს წამი…

ციკლიდან ,,საა”

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

* * *

მე შენ გიწამე ღმერთო

როცა ერთ დილას კარვის კარი გავაღე
და იქ საოცრება ვიხილე…
სიგარეტი მითავდება…
ღამე არ მეძინა.. მციოდა..
დილას კარავი განათდა, ანუ მზე ამოვიდა..
გარეთ ყველაფერი სველია, მაგრამ ღამე არ უწვიმია
მცივაა… ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ.. ვუკიდებ…
მშია.. ნაფაზი პირდაპირ ფილტვებში ხვდება.
ქვაზე ვზივარ… ვუყურებ.. შაბიამნისფერია..
ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს..
და შენ იქ ხარ ღმერთო…
მომენტალურად ამდის სიგარეტის სუნი ტანსაცმელზე
გარშემო ყურისწამღები სიჩუმეა…
თითქოს ვაკუუმია…
იქ რომ არ ვიყო სადაც ვარ, ვიფიქრებდი
რა ავისმომასწავლებელია-მეთქი ეს ყველაფერი,
მაგრამ არ შეიძლება იქ ავი მოხდეს,
რადგან შენ იქ ხარ, ღმერთო?!
ის სილურჯე, ის სიმწვანე, ის სათეთრე ხარ, ღმერთო,
სილურჯე… თითქოს ცამ წყალში საკუთარი თავი აირეკლა
მთელი სიმკვეთრით…
გადმომცქერიან უზარმაზარი კლდეები
შეგრძნებაა… რა ახლოს არიან…
სამყაროს დასაბვამიდან იქ დგანან
ისინი ალბათ თავად ღმერთს ესაუბრებოდნენ სამყაროს შექმნაზე
ვფიქრობ.. ალბათ როგორ დაიღალნენ.
კარვიდან თვალების ფშვნეტით გამოდის სილურჯე…
და საოცარი ჰარმონიით უერთდება სამყაროს სილურჯეს
უცებ სისხლში ვგრძნობ ბედნიერებას…
და კვლავ მახსენდები, ღმერთო…
და მადლობას გეუბნები მოვლინებისთვის…
ჩემი ცხოვრება კადრებად მოდის და ვგრძნობ,
მინდა, აი ასე ვიცხოვრო,
მინდა, ჩემი უმეტესი დილა ვიდრე ბოლო ამოსუნთქვამდე, მსგავსი იყოს
და ვფიქრობ… იქნება…
კიდევ ბევრჯერ გამახსენდები ღმერთო..
კიდევ ბევრჯერ გიწამებ ჩემებურად..
კიდევ ბევჯერ გიგრძნობ..
რადგან შენ ხარ ჩემი და სამყაროს ჰარმონია…
ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

გიგრძვნიათ???

გიგრძვნიათ, რომ არარაობა ხართ და გულის მაგივრად სხეულში ქვა გაქვთ?

გიგრძვნიათ, რომ არ მოქმედებს თქვენზე არაფერი,

ძველი მდინარესვით დაშრა თვალები და სულერთია ამ ქვეყნად ყველაფრი?

გქონიათ მომენტი, რომ არ გაქვთ რელიგია

და ორ ბატონს ჩაუმდგარხართ სამსახურში…

რომ უბრალოდ სიჩუმე გენატრებათ ამ ხმაურში..

გიგრძვნიათ, რომ სულში მოძრავი ატომებივით ირევიან თქვენი ფიქრები

და ბოლოს ჭეშმარიტებამდე მიდიხარ 

რომ არარაობა ხარ..

და ეს რომ თქვა არ გყოფნის სიტყვები..

გქონიათ მომენტი, რომ თავი გეზიზღებათ

იტყუებით, იტყუებით და ღამეც ტყუილი გესიზმრებათ.

ჯერ ყველა გიყვართ, 

მერე გეზიზღებათ,

მერე ისევ გიყვართ…

დილას იღვიძებთ და უკვე ცოდვაში ფეხს დგამთ,

მაგრამ ჭუჭყივით ვერ აშორებს მას თბილი წყალი,

მერე ფიქრობთ, რომ ვერ ხართ 

და ეს ფიქრები ცოტა არ არის…

მერე, სადღაც იგებთ მეორედ მოსვლა ახლოვდებაო

და შიში გიპყრობთ, და ფიქრობთ 

რომ მოვა ქრისტე…

და მის წინ მდგომს გაგიჭირდება ითამაშო, 

რადგან ყველაფერს ის წყვეტს

მასთან ვერ იქნები ფლიდი, ეგოისტი და უნამუსო და 

უნდა უპასუხო!!! რატომ, რისთვის, რისთვის???

….მგონი დამეწყო შიზოფრენია 

და არაფრისთვის არაფრისგან არაფერზე ვთქვი

რომ აივანზე კატა ფენია,

ძაღლი კი ფრინველია – გადამფრენია,

კურდღელი – მგელია,

დათვი კი ფერია,

ცა – წყლისფერია, 

წყალი – ცისფერია,

და ზოოპარკში როგორ მოვხვდი??? 

….არაფერია…

გრძნობთ რომ ფოთოლი ხართ მოფარფატე (ოღონდ არა რომანტიულად),

თქვენ ხართ იმ ხის მოღალატე 

რომელმაც გშვა გაზაფხულზე

და გულში ჩაგიხუტა ზაფხულში ჩრდილების აღლუმზე…

გიგრძვნიათ, რომ მეძავი ხართ, კახპა?

და თქვენს ალერსს თქვენი სულიც წაჰყვა?!

თუკი ვინმე ამ ცხოვრებას აჰყვა

ისიც ვინმე 

ოღონდ არა კახპა…

სად არის ღმერთი, თუკი არსებობს ცაში?

ცა როცა აირეკლება ზღვაში 

მაშინ ღმერთი ზღვაშიც არის????……

 

 

თუ ვინმემ ამ სიტყვებში საკუთარი თავი იცნო – ვიზიარებ

და მეწყინა რომ არ ვიცნობ…

 

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

სა, ამ ნაცრისფერ სამყაროში…

…..სა, ამ ნაცრისფერ სამყაროში, სადაც გადაუღებლად წვიმს

გამოანათე მზის სხივებად და შემოიტანე სინათლე

სამყარო სუიციდიდსკენ უბიძგებს სულსსულს და არა სხეულს

მოდი და შეაშველე ხელი

პლანეტები აღარ ბრუნავენ მზის გარშემო 

ერთ რიგში დაეწყვნენ და დედამიწა ბოლოშია

და მზე ვეღარ აღწევს ჩვენამდე

შენ შეცვლი ამას სააა

შენ სული გაქვსგიკვირსბევრს არ აქვს სული

შენ მწვერვალებისაკენ ივლი და არასდროს გაჩერდები

შეიძლება სამყარომ იცვალოს ფერი,

შეიძლება თვეს მოაკლდეს დღეები,

შეიძლება არ იყოს გარშემო არაფერი,

მაგრამ შენ არ გაჩერდები სააა

მერცხლებს თბილი ქვეყნებისკენ გაჰყვები

და შენს ოცნებებს არასოდეს დაივიწყებ,

რადგან ადამიანი ოცნებისთვის უნდა ცხოვრობდეს,

შენ ოცნებას მიჰყვები

შენ არასოდეს დაიხევ უკან,

შენ ღრუბლებს ზემოთ იქნები ყოველთვისნისლებთან

პირიდან სიცივის ორთქლს გამოუშვებ, მაგრამ არასდროს შეგცივდება,

რადგან თბილი ხარ

სა, შენ სამყაროს მოხეტიალე სული ხარ…

როცა სულში სიბნელეა შენ სინათლე ხარ ამ დროს,

როგორც გვირაბის ბოლოდან მომავალი მატარებელი..

ფერადი ხარ, როგორც ცისარტყელა…

ზამთრში ხელისგულზე დაცემული ფიფქი,

მუსიკა და ჰარმონია

და გვირილები ხარ, საა, ტრიალ მინდორში გაშლილი..

ყველა მდინარის სათავესთან მიხვალ, 

სადაც კალმახები იბრძვიან თავისუფლებისთვის

….დაბოლოს, საა, ამ ნაცრისფერ სამყაროში,

სადაც კვლავაც გადაუღებლად წვიმს,

გამოანათე მზის სხივებად და შემოიტანე სინათლე

ციკლიდან ,,საა”

ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

თუ!!

 

თუ წვიმის წვეთები გუბეში რგოლებს აღარ გაიკეთებენ…
თუ გაზაფხულს მერცხლები მიატოვებენ..
და ბეღურები ჩემს აივანთან სიცივისაგან მობუზულები
ზამთარში აღარ იჟივჟივებენ…
თუ უპირველესი თოვლი აღარ გაგვაბედნიერებს…
თუ ჩვენი ასვლები მწვერვალზე ენერგიის შეძენა კი არა
ენერგიის დახარჯვა იქნება…
თუ გაზაფხუილის მზე სუსხნარევ სითბოს აღარ მოგგვრის
და შემოდგომის მზე სევდას დაკარგავს…
თუ ჩვენი ხელისგულები სითბოს ვეღარ იგრძნობენ…
და ჩვენი მონატრება გაქრება…
თუ სინანულს დავივიწყებთ…
თუ თავგადასვლის ჟინი გაგვიქრება…
და ადამინები შეგვძულდება…
თუ სისხლი აღარ აგვიდუღდება არტერიებში
და ტალღა ნაპირებს აღარ გადრერცხავს…
თუ მწვერვალებისაკენ სვლას შევანელებთ
და ერთ დღეს ოცნებები დაგვავიწყდება…
თუ შემოდგომით ცაში ავიხედავთ და
თეთრი ღრუბლები აღარაფერს მოგვაგონებენ…
თუ სილურჯეს ვეღარ ვიგრძნობთ…
და პიანინო მაჟორს აღარ დაუკრავს…
თუ სახლს სუნი გაუქრება…
და ბაბუაწვერას სურვილებს აღარ გავატანთ…
თუ მხატვრები იფხიზლებენ
და ქუჩაში სუფთა ხელებით ივლიან…
თუ მუსიკა მოგვბეზრდება…
და წვიმაში გასვლის შეგვეშინდება…
თუ ქარებთან ბრძოლას შევწყვეტთ
და ვიტყვით რომ აზრი არა აქვს…
…იმ წამს,იმ წუთს,იმ საათს,
იმ დღეს მოკვდება ადამიანი როგორც სული…
ბარნოვი

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized